რუსული კანონის მოწინააღმდეგე 19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

26.07.24 15:38
რუსული კანონის მოწინააღმდეგე 19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე 19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა მოსამართლეს 3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ზვიად შარაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ აქციაზე ბიჭმა ქვა ესროლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო. 

"ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნულ ადამიანს რომ ხელი დაულურჯდა, თურმე 7 წლამდე პატიმრობა ეკუთვნის აღნიშნულ ადამიანს, არა არსებობს ამ საქმეში მტკიცებულებები", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

ბუბუტეიშვილის მამა სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ 19 წლის ბიჭი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს არჩენდა, სახელწმიფომ ციხისთვის უმიზეზოდ გაწირა.

მე ბავშვი უზრდელი არ გამიზრდია, ყველამ იცი გვაქვს პატიოსანი ოჯახი.  ერთ-ერთი, თუ შეიძლება ჩვენს სოფელში და ჩოხატაურის რაიონში იყოს, ერთ-ერთი უპატიოსნესი ოჯახი გვაქვს, რომელშიც 4 შვილი გავზარდეთ. ეგერ არის სკოლა, გამგეობა, შეგიძლიათ გაადამოწმოთ. მეც გაოგნებული ვარ, რომ რა მოხდა ასეთი, რომ ამ 19 წლის ბავშვმა ამდენი დანაშაული ჩაიდინა, ეს დაამტვრის, ის დაამტვრია. მეც ახლა ტელევიზორს ვუყურებ, იმის დრო არ მაქვს სულ ტელევიზორს ვუყურო. არაფერი მაგას ჩადენილი არ აქვს და არც აღიარებს მაგას. ქვა კი მეკვაო, მარა ის თავდაცვის მიზნითო.  მე არ ვიცი, მუშაობდა ეგ ბავშვი და ოჯახსაც არჩენდა". - ამბობს ბუბუტეიშვილის მამა.