რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი "შანო" სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

26.07.24 16:56
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი "შანო" სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი გიორგი შანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

საქმის პროკურორის თქმით, არსებობდა დანაშაულის ჩადენის და  მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

,,გირაო ადვოკატს არ მოუთხოვია, დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი შანიძის მიმართ მოხდა აღკვეთი ღონისძიების სავალდებულო წესით გადასინჯვა, ვინაიდან კოდექსი ითვალისწინებს,  რომ ორ თვეში ერთხელ  გადაისინჯოს. წინა პროცესზე ადვოკატმა მოითხოვა გირაო, ბრალდების მხარე მას არ დაეთანხმა, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ საქმეზე ქმედების ხასიათი და ბრალდებულის პიროვნებიდან განხორციელებული ქმდების ხასიათიდან გამომდინარე არსებობს, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის და  მტკიცებულებების განადგურების საფრთხე".-აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბიძე.

შანიძის ადვოკატი კი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიმართულებით შეიძლლება, ნაბიჯები გადაიდგას.

,,უკვე დაიწყება, არსებითი განხილვები , ჩვენ პოზიციაში არ განვიხილავთ, მხოლოდ არსებითი განხილვის გზით წავიდეთ, შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების მიმართულებითაც გადავდგათ ნაბიჯები და ვფიქრობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების ხასიათის მიხედვით, რაიმე მიზეზი, წესით იმისთვის, რომ საპროცესო შეთანხმებაზე უარი მივიღოთ თუ ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ბრალდებულის მხარესთან ურთიერთობა ჩემი აზრით არ არსებობს. - ამბობს შანიძის ადვოკატი.

გამოძიება შანიძეს სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით  მარიხუანას  მოყვანასა და შენახვას ედავება. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 

"შანო" და მისი უფლებადამცველი ამბობენ, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა.