ონკოპაციენტები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, უფასო წამლების გარეშე რჩებიან - რას ამბობენ პაციენტები?

27.07.24 17:28
ონკოპაციენტები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, უფასო წამლების გარეშე რჩებიან - რას ამბობენ პაციენტები?

ჯანდაცვის მინისტრის პროექტი, რომელმაც მძიმე პაციენტების თქმით, მდგომარეობა კიდევ მეტად გაართულა - მიხეილ სარჯველაძის ინიციატივას, რომ ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტებს აფთიაქების ნაცვლად კლინიკებში აიღებენ, პრობლემები შეექმნა.

პაციენტების ნაწილი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ წამლის ასაღებად კვლავ იგივე პროცედურების გავლა უწევთ. თავდაპირველად, პაციენტებს სპეციალური განცხადების დაწერა მოუწევთ, შემდეგ კლინიკა განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში გადააგზავნის და მიხეილ სარჯველაძის უწყებას ამის შემდეგ მიეცემა უფლება, რომ პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოთერაპიის კურსი დაამტკიცოს.

ამასთანავე, მეორე პრობლემა რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული გადაადგილების მქონე პირებისთვის დგას. როგორც პაციენტები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, იმ რეგიონებში, სადაც საავადმყოფოები არ არსებობს, ონკოპაციენტებს წამლის ასაღებად თბილისში სიარული დასჭირდებათ.

რამდენიმე პაციენტმა თქვა, რომ სახლში იკეთებდნენ გადასხმას, რადგან გადაადგილება არ შეუძლიათ და შესაბამისად თბილისში ვერ ჩამოდიოდნენ და მათ უთხრეს, რომ თუ თბილისში არ ჩამოვლენ და კლინიკაში არ მივლენ საკუთარი ფეხით, იმ ადამიანებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ, მაშინ წამალი თავად უნდა იყიდონ. ძალიან ბევრი წამალი დეფიციტშია და ამის გამო არ დახვდათ წამალი პაციენტებს კლინიკაში. როდემდე გაგრძელდება ეს არ ვიცი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ზეიმობს წარმატებულ პროექტად. პაციენტების უმრავლესობა თვლის, რომ ამით საქმე პირიქით გაურთულეს", - ამბობს ონკოპაციენტი.

მსგავსი სიახლეები