ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე - ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად ხვალ უკრაინაში მოქალაქეები შეიკრიბებიან
ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად ხვალ უკრაინაში მოქალაქეები იკრიბებიან. კიევში 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობებით, უკრაინის მოქალაქეებს უნდათ, ამ ფორმით მადლიერება გამოხატონ იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თვეებია იცავენ. ეს ის ქართველი მებრძოლები არიან, ვისაც სუსი სახელმწიფო გადატრიალებას და ამბოხს აბრალებს.
ხვალვე ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად მივლენ ის ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელი ხალხის და მიწის დასაცავად იბრძვიან. ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მებრძოლების წინააღმდეგ საქმეები რუსეთთან შეთანხმებით აღძრა.
თუ დააკვირდებით, რუსულ საიტებზე აჟიოტაჟი ატყდა, როგორც კი რეპრესიები დაიწყო ჩვენს მიმართ. სასიხარულო აჟიოტაჟი ატყდა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ორი მიზეზია, ეს არის წინსაარჩევნოდ თავიანთ ამომრჩეველზე გათვლილი ტრიუკი, როგორც რუსი ივანიშვილი ამბობს და მეორე, თავიანთი პატრონები რუსეთში რომ ასიამოვნონ. დაგვანებეთ თავის მებრძოლებს, იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლება წარმავალია დრონი მეფობენ, არა მეფენი, მაგრამ ჩვენ გვრჩება სამშობლო, სამშობლო და სამშობლოს მომავალი. ამ ბიჭებს სამშობლოს სიყვარულის მეტი, არაფერი გაუკეთებიათ და ამიტომ, ხელისუფლებას ვთხოვ, მოვთხოვ, რუსულ ხელისუფლებას არავის ვთხოვ, მოვთხოვ, დაანებონ ამ პროვოკაცაის თავი. ჩვენი ბიჭები ჩამოვიდნენ თავიანთ ოჯახებში, თავიანთ სამშობლოში. არავიტარი კავშირი არც ტერორისტულ აქტთან აქვთ, არც რაღაც სისულეებთან, რომელსაც რუსული ხელისუფლება იგონებს. დრონი მეფობენ და არა მეფენი. ხელისუფლება შეიცვლება, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე.
ქართველი მებრძოლო ნადიმ ხმალაძე, რომელიც ასევე სუსში ჰყავდათ დაბარებული, ხელისუფლების მხრიდან არც პროვოკაციებს გამორიცხავს.
თუ ეს წინსაარჩევნო ტრიუკია, მაშინ შემოდებენ თაროზე და დაიმტვერება როგორც ყველა ძველი ასეთი წამოწეული თემა თაროზეა შემოდებული და დაიმტვერა. თუ ეს კრემლის დავალებაა, მაშინ მე ვეჭვობ, რომ ამას ექნება გაგრძელება. არ ექნება კარგი გაგრძელება, ექნება ძალიან ცუდი გაგრძელება და მე არ მეშინია არც მაგის. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ვარ მე ერთი, ჩემზე ვიტყვი, შეიძლება თავზე ჩამოგახურონ რაიმე ტომარა, გადაგაგდონ ცხინვალის საზღვარზე და მერე დაგაბრალონ, რომ ეს ყოველ დღე ისედაც იქ არის და აი, დაიჭირეს რუსებმა და ჩვენ რა შუაში ვართო. ყველაფერია ამათგან მოსალოდნელი, - ამბობს ნადიმ ხმალაძე.