არა რუსულ კანონს - ოპოზიციას ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს
რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტრიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა.
ოპოზიციის მომზადებული დოკუმენტი მერაბ ტურავას კოლეგიას რამდენიმე წუთში ჩაბარდება. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასმაართლოში სარჩელის შეტანამდე ოპოზიციამ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსული კანონი შეუსაბამობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციას გულისხმობს.
ოპოზიცია სარჩელის განხილვების დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.
საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად. 38 დეპუტატი ვაწერთ ხელს. ზოგიერთი, უბრალოდ არ იყო ფიზიკურად, თორემ ისინიც უერთდებიან ამ სარჩელს და ჩვენ სასამართლოში ყველასთან ერთად, მთელი საქართველოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ რუსული კანონის წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების გაითვალისწინებს და მიიღებს დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ჯერ - ჯერობით საკონსტიტუციო სასამართლოსთან არცერთი მოსამართლე არ გამოჩენილა, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, შენობაში უკვე იმყოფება მერაბ ტურავა.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შედის. პარლამენტის დამტკიცებული კანონის გაუქმებას სასამართლოს პრეზიდენტი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სთხოვს.