მოვაჭრეების პროტესტმა შედეგი გამოიღო - დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება შეცვალა
მოვაჭრეების პროტესტმა შედეგი გამოიღო - დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და შენობაში 15 აგვისტოს სარემონტო სამუშაოებს აღარ იწყებენ.
მოვაჭრეები "პირველებთან" ამბობენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ განუმარტავთ, თუ როდემდე ექნებათ მათ ობიექტზე მუშაობის უფლება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მოვაჭრეებს ორ დღეში გააცნობენ ზუსტ ვადებს.
ბაზარი აგრძელებს ფუნქციონირებას. ხელმძღვანელობამ დამირეკა, მაგრამ როდის მოვლენ არ ვიცით, ეს უვადო არის ისეთი შეთანხმება - ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, ასეთი ნათქვამია. ბატონმა კალაძემ ჩვენთვისაც გამოიხედოს და შეაჩეროს პროექტი. რაც მან გასცა და ხელი მოაწერა, რომ ეს უნდა გადაკეთდეს დიდ მოლად, ხალხსაც დაუტოვოს და ხალხისთვისაც გამოიხედოს ცოტა", - ამბობს მოვაჭრე.
ცნობისთვის, მოვაჭრეების პროტესტი მეორე დღეა რაც გრძელდება. დეზერტირების ბაზარში დასაქმებულებს დახლების დატოვებას სთხოვენ, რადგან როგორც ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა ავარიულია და რემონტს საჭიროებს. ადმინისტრაციის თანამშრომლები მოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად ვადას 15 აგვისტომდე აძლევენ.
მოვაჭრეები თბილისის მერის თანამშრომლებთან და თავად მერთან შეხვედრას ითხოვენ, მაგრამ უკვე ორი დღეა, რაც დეზერტირების ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს არათუ მერი, არამედ მერიის სხვა თანამშრომლებიც არ ხვდებიან.