დაპირისპირება ატენში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

01.08.24 11:31
დაპირისპირება ატენში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დაპირისპირება ატენში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დიმიტრი რევაზაშვილია, რომელიც თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა.

თუ რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ჩხუბში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ჯგუფურად მონაწილეობდა. 

როგორც მეზობლები "პირველებს" ეუბნებიან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვის წარმომადგენელმა თანასოფლელი ცემა.

ადგილობრივების თქმით, დიმიტრი რევაზაშვილი ყოველი ქეიფის შემდეგ ახალგაზრდებს ავიწროებდა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ერთი და ორი კი არ ჰყავს ნაცემი. რამდენჯერმე გამიგია, რომ ქეიფისა და დროსტარების შემდეგ ახალგაზრდები უცემია. ყველა შეშინებულია. ყველამ იცის, ვინ არის მისი პატრონი, ხარებაა თუ ვიღაც ოხერი და ამიტომ ხმას არავინ არ იღებს. მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს. მე ვიცი ის, რომ ვინც ნაცემია პატრონიანია. იმას ძალიან კარგი პატრონი გამოუჩნდა ისეთი, რომ არც შეეშინდა იმის პატრონს და არც ხარებას არ წარმოადგენს ის ხალხი. ისინი ძვირფასი ხალხი არიან და რას ჰქვია სცემონ. ეს რუსული კანონები უნდა მორჩეს. ხარებას დროა და ხარებას დარეკილზე მუშაობენ. დალიეს და მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ისე სცემო, რომ თავის ქალა ახადო, ამას არავინ არ გაპატიებს", - ამბობს ადგილობრივი. 

ამ დროისთვის დაკავებული სპეცრაზმელი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. 

ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რაში მდგომარეობს ბრალდების არსი, იმიტომ რომ საქმის მასალები ჩვენ არ გადმოგვცემია, მას ბრალდება სავარაუდოდ დღეს უნდა წარედგინოს, უცნობია ასევე მუხლის კვალიფიკაცია, თუ რა მუხლით მოხდება ბრალების წარდგენა, მასალების გადმოცემაც მოხდება სავარაუდოდ დღეს და თუ მოესწრო სასამართლოც დღესვე იმსჯელებს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხზე.  ამბავი რასაც სავარაუდოდ ეს ამბავი უნდა ეყრდნობოდეს არ არის ადვილი ამბავი, იმიტომ რომ ნაცნობები არიან ყველა ამ პროცესში ჩართული ადამიანები ერთმანეთისთვის, თანასოფლელები არიან, მეზობლები", - ამბობს ადვოკატი.