სპეცოპერაცია "პუშკინი" - სასამართლოში საუკუნის საქმის განხილვა მიმდინარეობს
წიგნების ძარცვის საუკუნის საქმე და ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ქართველები - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე განხილვა მიმდინარეობს.
ბრალდებულები, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დუმილის უფლებას იყენებენ. ერთადერთი ბრალდებული, რომელიც გირაოს საფუძველზე თავისუფლებაზე იმყოფება, ანა გოგოლაძეა, რომელიც მედიის კითხვებს არ პასუხობს.
ბრალდებულების ადვოკატები "პირველებთან" ამბობენ, რომ საქმის მასალებში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებული პირების ბრალეულობას დაადასტურებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, არსებობს მხოლოდ ორადორი მოწმის ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჯვარედინი დაკითხვის შედეგად დაცვის მხარე სასამართლოში გამომავლენთ ამ მოწმეთა ჩვენებების აბსურდულობას", - ამბობს ქრისტინე და მათე ცირეკიძეების ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
რაც შეეხება პროკურატურას, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნუსხა დამტკიცდა, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებულებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რამდენიმე ასეულ ათასობით ევროს ღირებულების უნიკალური წიგნები მოიპარეს.
დამტკიცდა ბრალდების მხარის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნუსხა. ეს იყო როგორც საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილი მტკიცებულებები, ასევე საქართველოს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ამოღებული წიგნები, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მასალები. ამ პერიოდისთვის გახსნილი ეპიზოდი არის ლიონის, ვარშავის, პარიზის და მიუნხენის ბიბლიოთეკაში ჩადენილი ქურდობა. ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით დადგენილია ზიანი და ეს სცილდება რამდენიმე ასეულ ათასობით ევროს", - ამბობს ლაშა კოტრიკაძე.
საუკუნის საქმეზე ქართველმა სამართალდამცავებმა ხელბორკილები ქრისტინე და მათე ცირეკიძეებს დაადო, დაკავებული იყო მათე ცირეკიძის ცოლი, ანა გოგოლაძეც.
საქმეზე ბრალდებულები არიან ბესიკ ახალაშვილი და რობერტ სატუროვი. რაც შეეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულ ბექა ცირეკიძეს, რომელიც სასჯელს ესტონეთის ციხეში იხდის, მას ჯგუფის ლიდერს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ საუკუნის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. "ტვ პირველმა" იპოვა და ექსკლუზიურად ჩაწერა კაცი, რომელიც პუტინის საყვარელი ავტორების უნიკალური წიგნების მოპარვაშია ბრალდებული. ბექა ცირეკიძე, რომელიც ახლა ესტონეთის ციხეშია, ამტკიცებდა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. დაკავებულის მტკიცებით, საქმეში მისი ქალიშვილი, ქრისტინე ცირეკიძე ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ პროკურატურისთვის ცრუ ჩვენება მიეცა.