მოსკოვი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის - ვალენტინა მატვიენკო
მოსკოვი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, თუნდაც პარლამენტების დონეზე - ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.
მისი მტკიცებით, ქართველი ხალხი რუსი ხალხის მიმართ მეგობრული რჩება.
„თუ საქართველოს მხრიდან გამოითქმება დიალოგისთვის მზაობა, ჩვენ ახლავე მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ესაა პარლამენტარების მისია, სწორედ ამისთვის ირჩევს მათ ხალხი“, - თქვა რუსმა "ტასის" ცნობით ვალენტინა მატვიენკომ.
მატვიენკოს თქმით, საქართველოს კურსს მომავალი არჩევნები გადაწყვეტს.
"ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია და, რა თქმა უნდა, ისინი... გადაწყვეტენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კურსის განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი სიტუაციაა, აი, რუსეთში... როგორი პატივისცემაც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ, ისევ ისეთი გვაქვს. ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრულია. ვნახოთ რით დასრულდება საარჩევნო კამპანია" - თქვა მატვიენკომ.
მატვიენკო ამბობს, რომ დიალოგის თაობაზე კონტაქტი ოფიციალურ თბილისთან ჯერ არ შემდგარა.