"დიდი აბსურდი და სისულელეა" - ბასილაია სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე
"დიდი აბსურდი და სისულელეა" - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ეშინიათ".
2021 წლის ბრალდების საქმეზე ითხოვენ პატიმრობის შეფარდებას. იმ ვითარებაში, როდესაც ერთ ბრალდებულს ვერ იპოვით, ვისაც თავისუფლების აღკვეთა აქვს სასჯელად და ამავე დროს პატიმრობა ჰქონდეთ შეფარდებული. ფაქტია, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და ახლა დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი. ამაზე დიდი აბსურდი, ამაზე დიდი სისულელე სამართლებრივ სივრცეში კი არა, ყოფით დონეზე რთულად საპოვნელია", - ამბობს ბექა ბასილაია.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორმა განმარტა, რომ ვინაიდან საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, რომელიც მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევას იწყებს, ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენოს.
საზღვრის უკანონო კვეთაზე მომდევნო სასამართლო სხდომა 27 სექტემბერს გაიმართება, სადაც ბრალდების მხარემ საქმის მასალები უნდა წარადგინოს და მტკიცებულებების ხელმეორედ გამოკვლევა დაიწყოს.