ზელიმხან ხანგოშვილის ძმა: საწყენია, რომ ჩვენთვის გაცვლასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ
ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილიმა რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლასთან დაკავშირებით ინტერვიუ გერმანულ გამოცემა "Bild"-ს მისცა და განაცხადა, რომ გაცვლასთან დაკავშირებით მათი ოჯახისთვის ინფორმაცია არავის არ მიუწოდებია.
პატიმრების გაცვლაზე შეთანხმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, Telegram-ზე გავიგე. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ფედერალური ხელისუფლება მსხვერპლის ოჯახს დღევანდელ დღემდე [2 აგვისტო] არ დაუკავშირდა". - უთხრა ზურაბ ხანგოშვილმა Bild-ს.
ზურაბ ხანგოშვილი მედიასთან პუტინისა და კრასიკოვის ურთიერთობას აფასებს და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის კრასიკოვი აგენტად აღარ გამოდგება. მეტიც, ხანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა კრასიკოვი თავიდან მოიშოროს.
სავარაუდოდ, კრასიკოვი ფიქრობს, რომ პუტინი მას ერთგულებას დაუფასებს, თუმცა, დარჩება თუ არა ის ცოცხალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი და რა სახის ინფორმაცია გაუმხილა მან გერმანულ ხელისუფლებას". - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.
ზურაბ ხანგოშვილი იმასაც აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელის გათავისუფლების გამო თავს დამცირებულად გრძნობს.
ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. შვილები დაობლდნენ, მე საყვარელი ძმა დავკარგე, მკვლელს კი შეუძლია საკუთარ ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია". - ამბობს ხანგოშვილი.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია და ის პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს. ვადიმ კრასიკოვი პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს რუსეთის პრეზიდენტი ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. პატიმრების გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით შტატებს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთის და ნორვეგიას შორის წარიმართა.
გათავისუფებულებს შორის არის რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა მურზა და იაშინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობისთვის პუტინმა ციხეში 9 წლით გამოკეტა.
ეს ბოლო პერიოდში დასავლეთსა და რუსეთს შორსის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლის ოპერაციაა. პროცესს "დიპლომატიური გმირობა" უწოდა პრეზინტმა ბაიდენმა.