ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან - რა ეტაპზეა გამოძიება?

03.08.24 09:56
ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან - რა ეტაპზეა გამოძიება?

პარლამენტის წევრის, ანა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა ეტაპზე შოვის ტრაგედია. 

გომელაურის უწყება ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, საქმეზე 2 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და 140-ზე მეტი ექსპერტიზა დაინიშნა, თუმცა როგორც შსს აღნიშნავს, შოვის ტრაგედიაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება №059030823001 სისხლის სამართლის საქმეზე, 2023 წლის 3 აგვისტოს, ონის  მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად  ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ სისხლის საქმეზე ჩატარებულია 2 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, შესაბამისი უწყებებიდან  გამოთხოვილია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველა სათანადო  დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია 140-ზე მეტი ექსპერტიზა, რომელთა უმეტეს ნაწილზე  მიღებულია დასკვნები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მიღებულია  სტიქიის შედეგად გარდაცვლილ 10 პირზე. ამასთან, სტიქიასთან დაკავშირებული  გარემოებების დასადგენად, კურორტ შოვის ტერიტორიაზე კომპანიების მიერ  შესრულებული სამუშაოების თაობაზე, სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში დანიშნულია ეკოლოგიური და საინჟინრო-ტექნიკური  ექსპერტიზა.

დამატებით, გაცნობებთ, რომ გამოძიება სწავლობს სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, დამდგარ შედეგებს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებულ, ასევე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებასა და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებს.

ამჟამად, №059030823001 სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება  მიღებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება." - ნათქვამია შსს-ს პასუხში.

"ლელო საქართველოსთვის" წევრის შეკითხვას შსს-ის გარდა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამაც უპასუხა. უწყების განცხადებით, ამ დრომდე არ გამოკვეთილა კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა კონკრეტული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად დევნა დაწყებული არ არის.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უშუალოდ გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების შესაძლო  ჩართვასთან დაკავშირებით, გაცნობეთ, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზები დანიშნულია სსიპ „ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში, რომლის მხრიდან გამოძიების  წინაშე არ დასმულა საკითხი ექსპერტიზის პროცესში ადგილობრივი ან საერთაშორისო სპეციალისტების, თუ ექსპერტების ჩართვის თაობაზე. ექსპერტიზის ბიუროს მიერ მსგავსი საკითხის დაყენების შემთხვევაში, ჩვენს მიერ განხილული იქნება ხსენებული საკითხი," - ნათქვამია 19 ივლისს გამოქვეყნებულ  პასუხში.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე  ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. 

გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;

მსგავსი სიახლეები