არასრული გამოძიება და დაზარალებულად ცნობაზე უარი - შსს-მ იურისტებს შოვის საქმის მასალებზე წვდომა აუკრძალა

03.08.24 13:31
არასრული გამოძიება და დაზარალებულად ცნობაზე უარი - შსს-მ იურისტებს შოვის საქმის მასალებზე წვდომა აუკრძალა

არასრული გამოძიება, საქმის მასალებზე წვდომის შეზღუდვა და დაზარალებულად ცნობაზე უარი - ეს შედეგები დადო გამოძიებამ შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე.

გამოძიებაში, სადაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის არის ჩართული", შინაგან საქმეთა სამინისტრომ იურისტებს საქმის მასალებზე წვდომა აუკრძალა და გაჩუმებისკენ მოუწოდა.

გაუთქმელობაზე კი ხელი იმ უფლებადამცველებს მოაწერინეს, რომლებიც საქმის მასალებს ადგილზე გაეცნენ.

იურისტები გამოძიებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოშორებასა და საქმის  პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვენ. 

გვიწევდა საათობით და დღეების განმავლობაში იქ ჯდომა და ფიზიკურად წაკითხვა საქმის მასალების, ასლები არ გადმოგვეცა. მასალების გარკვეული ნაწილი გადმოგვცეს, თუმცა თებერვალში ნაწილი მასალების გადმოცემას თან მოაყოლეს შეზღუდვა გაუთქმელობაზე და ამიკრძალეს, ვისაუბრო საქმის გარემოებებზე. ისევ არ მიმდინარეობს საქმის სრული კვალიფიკაციით, განსაცდელში მიტოვების და სამოხელეო დანაშაულის კუთხით. გამოძიების საგანს არ წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების ეფექტური რეაგირების საკითხის შესწავლა. გამოძიება წინასწარ განწყობებით მიმდინარეობს. ამიტომ ვითხოვდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისგან ჩამოშორებას და საქმის გადაცემას პროკურატურისთვის. არის ხარვეზები, რაც გამოძიების საწყის ეტაპზე დაიშვა და რომლის გამოსწორებას უკვე შეუძლებელი არის. ასეთი იყო ცხედრების საკითხი, დოკუმენტირების არ განხორციელება. კითხვის ნიშნები არსებობს შს სამინისტროს დრონის კადრებთან დაკავშირებით, რადგან სხვა გარემოებებით დგინდება, რომ თუ მუშაობდა დრონი, ყოველ შემთხვევაში, გადარჩენილები არ დაუფიქსირებია მაშინ, როდესაც ტურისტის დრონმა დააფიქსირა", - ამბობს იურისტი.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე  ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. 

გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;

მსგავსი სიახლეები