“ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება

05.08.24 13:52
“ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება

“ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ “ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში არ იძებნება“ და ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში არ იძებნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არცერთი პენსია, ხელფასი, სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან ა ფინანსდება, ყველაფერი ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან ა მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაც. თუ ლუგარის ლაბორატორიაში რომელიმე კვლევითი პროექტი შეჩერდება, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის, ვერანაირ ლოგიკურ ბმას რა შუაშია გამჭვირვალეობა და ლუგარის ლაბორატორია. რუსეთი მუდმივად მოითხოვდა, ლუგარის დახურვას და აშშ რუსეთის ნარატივებს რატომ მისდევს კვლადაკვალ “,- ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შესაძლო გაყინვას, "პროვოკაციად" აფასებს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი. დეპუტატი ისევ, "უცხოური ძალის" მიერ "მეორე ფრონტის გაზსნის სურვილზე საუბრობს". 

მაჭარაშვილმა დღეს სტრატეგიულ პარტნიორების მიმართ იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა და თქვა, რომ "დონორები შავი ფულით" იმ არასამთავრობოებს აფინანსებენ, რომლებიც დეპუტატის მტკიცებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობით არის დაინტერესებული: 

დონორები აფინანსებენ შავ ფულს და იმ ენჯეო სექტორს, რომელიც ლამობს რევოლუციას ქვეყანაში და უწყვეტენ დაფინანსებას ისეთ კარგ საქმეებს, რომელზეც ჩვენც მადლობას ვუხდით. როდესაც შენ ამბობს, რომ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად იბრძოდა, იარაღს აღარ უყიდი და გიგაურს “მოლოტოვის კოქტეილს“ უყიდი, აქ უკვე შენი ინტერესი გასაგებია. როდესაც შენ ამბობ, რომ სამედიცინო დაფინანსებაზე უარს ამბობ, რომელიც არის ჰუმანური აქტი და არ აჩერებ იმის დაფინანსებას, რომ ლომჯარიას სურვილი ჰქონდეს ბომბების ცვენის ქვეყანაში, ინტერესი გასაგებია. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია გადმოგდებული ოპოზიციისთვის. ის მიზანი, რაც უცხოურ ძალას აქვს, რომ შესრულდეს, ლუგარის ლაბორატორია კი არა ყველაფერი უკან მოგვრჩება, ამიტომ ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რომ უცხოური ძალა ცდილობს მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში, მანამ ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რჩება თუ არა ლუგარის ლაბორატორია ამერიკული დაფინანსების გარეშე? - წყარო “პირველებს“ უყვება რომ დიდი ფული, რომელიც ამერიკიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ერიცხებოდა, სავარაუდოდ, აღარ გადმოირიცხება.

საუბარია, მილიონობით დოლარზე, რომლითაც ცენტრი სამეცნიეროო პროექტებს აკეთებს, ატარებდა კვლევებს და ათობით თანამშრომელს ხელფასებს უხდიდა.

ლუგარი დაფინანსებას, სავარაუდოდ, სწორედ იმ 95 მილიონიდან იღებდა, რომელიც შტატებმა “ქართულ ოცნებას“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ გაყინა.

საკითხზე კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ აკეთებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ ზუსტი გადაწყვეტილება სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მიიღება.