"დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის არც საქართველოა უსაფრთხო ქვეყანა" - სევინჯ სადიგოვა

05.08.24 17:27
"დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის არც საქართველოა უსაფრთხო ქვეყანა" - სევინჯ სადიგოვა

თბილისის ცენტრში სამართალდამცველების მიერ დაკავებული აფგან სადიგოვის მეუღლე "პირველებთან" კრიტიკული ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ საუბრობს - სევინჯ სადიგოვა დეტალურად განმარტავს, თუ რის გამო ჩამოვიდა სადიგოვების ოჯახი საქართველოში.

"აზელ ტვ"-ის რედაქტორის ცოლი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას გამოექცა, რადგან დამოუკიდებელ ჟურნალისტს საკუთარი საქმიანობა დიდი საფრთხის წინაშე აყენებდა.

როგორც სევინჯ სადიგოვა "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, სადიგოვები მშვიდ და დაცულ გარემოს ეძებდნენ, რაც გახდა წინაპირობა იმისა, რომ ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოსულიყო.

"განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, ჩემი ქმარი გრძნობდა, რომ აქაც საფრთხე ემუქრებოდა, რის გამო 18 ივლისს გაფრენა სცადა" - აცხადებს სევინჯ სადიგოვა და იქვე ამატებს, რომ მის მეუღლეს გაფრენის უფლება არ მისცეს - "დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის არც საქართველოა უსაფრთხო ქვეყანა".

აზერბაიჯანიდან ჩემი ქმარი გამოიქცა, რადგან მისი იქ ყოფნა უსაფრთხო არ იყო. 30 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ჩვენზე, მის ოჯახის წევრებზე დაიწყო მუქარები და ჩვენც წამოვედით, რადგან ვფიქრობდით, რომ ჩვენს შვილებთან ერთად აქ დაცულად და მშვიდად ვიქნებოდით, მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ჩემი ქმარი გრძნობდა, რომ აქაც საფრთხე ემუქრებოდა, რის გამო 18 ივლისს გაფრენა სცადა. მესაზღვრეებმა ოჯახს წასვლის უფლება მოგვცეს, მას კი მხოლოდ აზერბაიჯანში წასვლის შესაძლებლობას აძლევდნენ. რატომ, ეს არავის უთქვამს. ფაქტია, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის არც საქართველოა უსაფრთხო ქვეყანა", - ამბობს აფგან სადიგოვის მეუღლე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებსაფგან სადიგოვის უფლებადამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაუშვან ჟურნალისტი 90-დღიან მიგრაციულ პატიმრობაში, ასაჩივრებს.

იურისტი სასამართლოს მტკიცებულებებს 7 დღის ვადაში გადასცემს, სადაც მკაფიოდ იქნება განმარტებული, თუ რატომ არ უნდა გადაეცეს "აზელ ტვ"-ის რედაქტორი აზერბაიჯანს.

უფლებადამცველი "პირველებთან" აცხადებს, რომ აფგან სადიგოვს არ გააჩნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მეტიც, როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დროის განმავლობაში, ჟურნალისტისთვის არავის დაურეკავს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებისთვის.