წყვეტს თუ არა მუშაობას "ევოლუშენი"? - კომპანიაში პროტესტის ტალღა არ წყდება

06.08.24 12:17
წყვეტს თუ არა მუშაობას "ევოლუშენი"? - კომპანიაში პროტესტის ტალღა არ წყდება

"ევოლუშენ ჯორჯიაში" პროტესტის ტალღა არ წყდება - გაფიცული თანამშრომელი "პირველებთან" ამბობენ, რომ კომპანიის განცხადება, რომლითაც კომპანია საქართველოში ოპერირებას დროებით აჩერებდა, სიცრუეა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ბაზრიდან გასვლას არ აპირებს, ამიტომ გაფიცულები ვარაუდობენ, რომ გუშინდელი განცხადება მხოლოდ ერთს, "ევოლუშენ ჯორჯიას" მოქმედ თანამშრომლებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურებოდა. 

გუშინ იყო კიდევ ერთი აქცია ჩვენთან, თუმცა გუშინ წინ კომპანია ხურავდა შენობას და მიდიოდა, როგორც ყველამ ვიცით. გუშინ აღმოჩნდა, რომ დაიბარეს ეს ადამიანები, მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე ხელი და დაიწყეს მასობრივად შესვლა. დაპირისპირებაც იყო, დაცვის მხრიდან, როგორც ყოველთვის ზეწოლა და შიგნიდან ძალით კიდებდნენ ხელს, თვითონ ეხმარებოდნენ, რომ შესულიყვნენ. გუშინ, ვინც მოვიდა საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. მოსვლის პერიოდში ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები ჩვენს მიმართ. თუ ადრე რცხვენოდათ და ერიდებოდათ დღეს პირიქით. არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩვენ დავიღლებით და გავჩერდებით, არავითარ შემთხვევაში.

გაფიცულები ირწმუნებიან, რომ კომპანიის ბაზრიდან გასვლა, უბრალოდ მანიპულაციაა. მათი თქმით, კომპანიას არ აწყობს საქართველოს დატოვება, რადგან საქართველოში მათ "იაფი მუშა-ხელი ჰყავთ".

კომპანია, რას აპირებს არ ვიცით და არც მე მგონი არ იციან თვითონ. აგონიაში არიან, ხან დავიკეტეთო, ათს რაღაცას იგონებენ. არც დაკეტილა, არც დაიკეტება, ბაზრიდან არ გავა. იმხელა შემოსავალი აქვს, ჯერ მარტო კომპანიას და იაფი მუშა ხელი ჰყავს რატომ წავა. საქართველოში იძლევა საათში 7 ლარს, რატომ მისცემს 17 დოლარს ევროპაში და ამერიკაში. ტერორი, დაშინება, თითის ქნევა, აღარ მოქმედებს აღარავისზე. - განაცხადეს გაფიცულებმა.

ცნობისთვის, "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების პროტესტი 20 დღეზე მეტია მიმდინარეობს. გაფიცულები ამტკიცებენ, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა, სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ, ხოლო სკამები, რომლებზეც სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით.