აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა.
იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
„ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ICRC-ის წარმომადგენლები.
ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ვეტერანების, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ICRC-ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ანნ მონტავონის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახების წევრებს აქვთ უფლება იცოდნენ თავიანთი ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფლის შესახებ.
„საკოორდინაციო მექანიზმთან ჩვენი ერთობლივი მუშაობა მიზნად ისახავს ამ ოჯახების განსაცდელის შემსუბუქებას არსებულ შეკითხვებზე მათთვის პასუხების მიწოდების გზით. დღეს, 16 ოჯახს, ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობაში უწევდა ცხოვრება, მიეცა შესაძლებლობა, პატივი მიეგოთ თავიანთი გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ჩვენ ვუსამძიმრებთ ამ ოჯახების წევრებს“, - განაცხადა ანნ მონტავონმა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2010 წლიდან მოქმედებს აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. 2013 წლიდან 543 ადამიანის ნეშტია მოძიებული, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სულ 1849 ადამიანი, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები.