აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს გორშიც იხსენებენ - რას ყვებიან ომის თვითმხილველები
დილიდან ომში დაღუპულ გმირებს იხსენებენ გორშიც, სადაც 16 წლის წინ ამ დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსულმა არმიამ კასეტური ბომბები გამოიყენა, რასაც ათობით უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა. ადამიანები, რომლებმაც რუსული სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს, ამბობენ, რომ აგვისტოს ომის მძიმე დღეებს ვერასდროს დაივიწყებენ.
ადამიანს, შენს ძმას და მეგობარს რომ მოგიკლავენ, თვალწინ რომ აგაცლიან, როგორი გაძლება უნდა?კიდევ კარგად ვარ. სულ იქ ვარ, აქ მე სიზმარსაც არ ვხედავ, სულ იქ ვარ, ხეობაში. სულ ის მაგონდება, ის მიდგას თვალწინ. სადაც ფეხი ავიდგი, იმას რა დამავიწყებს?, - ამბობს აგვისტოს ომგამოვლილი მოქალაქე.
ომის კიდევ ერთი თვითმხილველი დევნილობის სირთულეებზე საუბრობს.
დევნილობა მოგვიწია ბუნებრივად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გაჭირვებაც ბევრი გვაქვს. არ გვყოფნის ჯამაგირი. სამსახური არ არის, პენსია არ გვყოფნის, მაღაზიები ოთხმაგი გახდა, აი, ასეთ გაჭირვებაში ვართ. სახლში როცა ვიყავით ჩენთან, იქ, ბაღები გვქონდა, ყველაფერი გვქონდა, შემოსავალი გვქონდა და თან ქვეყნის სამუშაო გვქონდა. ახლა არარაფერი გვაქვს. არც არავინ გვეკითხება, მუშაობ, არ მუშაობ, რას აკეთებ..., - ამბობს ომის თვითმხილველი.
რუსეთის ბოლო ომს საქართველოში 224 სამოქალაქო პირი, 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი შეეწირა. დაიჭრა 2 ათასამდე მოქალაქე, დაიმბომბა 90-მდე სოფელი და საკუთარი სახლი იძულებით დაატოვებინეს 150 ათასამდე ადამიანს.
2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.