როგორია ქუთაისის ციხეში მოწამლული პატიმრების მდგომარეობა - პენიტენციური განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის ციხეში პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, - წერია განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლნენ.
საუბარია, მინიმუმ 15 პატიმარზე. ყველა მათგანი ქუთაისიდან ენტეროვირუსის სიმპტომებით თბილისში, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.