2023 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას ჯამში 65 მილიონამდე ლარი გადაეცა -TDI-ის კვლევა

21.08.24 11:14
2023 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას ჯამში 65 მილიონამდე ლარი გადაეცა -TDI-ის კვლევა

2023 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას ჯამში, 65 მილიონამდე ლარი გადაეცა - ამის შესახებ TDI ის კვლევაშია ნათქვამი.

საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე TDI-ს პასუხი 58-მა მუნიციპალიტეტმა მიაწოდა.

ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, 17 მუნიციპალიტეტს საპატრიარქოსთვის 2023 წელს ფინანსური დახმარება არ გაუწევია.

ირკვევა, რომ 41-მა მუნიციპალიტეტმა რელიგიურ ორგანიზაციებს 5,384,409 ლარი გადასცა. აქედან, მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიების, სასულიერო პირების, ეპარქიების თუ იურიდიული პირებისთვის გამოიყო სულ 5,356,738 ლარი. სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება კი მხოლოდ 27,671 ლარია.

2023 წელს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო 25 მილიონი ლარი, რომელსაც ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2023 წელს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მთავრობამ განკარგულების საფუძველზე დამატებით 33,350,213 ლარი გადასცა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში,
აგრეთვე მასთან არსებული უმაღლესი სასწავლებლების, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე საქველმოქმედო ფონდებისათვის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემულ მუნიციპალურ დაფინანსებასთან შედარებით, მიზერულია სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი დახმარება და ის 2023 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული თანხის 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს თანხა გადასცეს ნინოწმინდის და დმანისის მერიებმა, ხოლო თბილისში ისნისა და კრწანისის რაიონულმა გამგეობებმა", - წერია კვლევაში.

კვლევა ვრცლად იხილეთ აქ