სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედურ მხარეს “ევოლუშენის“ წინააღმდეგ საჩივრით მიმართა
ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ “ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას საჩივრით მიმართა.
ჩვენ მიერ წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია „ევოლუშენის“ მიერ, საქართველოში საქმიანობისას, „მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ“ OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მიზანია, დაადგინოს საბაზისო სტანდარტები მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხო სახელმწიფოში საქმიანობენ და დაიცვას ადგილობრივები ტრანსნაციონალური კომპანიის უფლებადამრღვევი პრაქტიკისგან. სახელმძღვანელო პრინციპები პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ მოიცავს პრინციპებსა და სტანდარტებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ადამიანის უფლებები, დასაქმება და საწარმოო ურთიერთობები, გარემოს დაცვა, ქრთამის აღება და თანხის გამოძალვა, მომხმარებელთა ინტერესები, მეცნიერება და ტექნოლოგია, კონკურენცია და გადასახადები. აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათზე მიერთებულ სახელმწიფოებში მოქმედებს ეროვნული საკონტაქტო უწყებები (National Contact Points (NCPs)), რომლებსაც ევალებათ სათანადო ზომების მიღება, რათა მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავიანთ საქმიანობაში დაიცვან სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული სტანდარტები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში წარდგენილი საჩივარი ეხება კომპანია ,,ევოლუშენ ჯორჯიას“ მიერ, რომელიც შვედური კორპორაციის აფილირებული კომპანიაა, შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევას, მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას, რომელიც უხეშად არღვევს OECD-ის სტანდარტებს. უფრო ზუსტად კი, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც მულტიეროვნული კორპორაციები ოპერირებენ განვითარებად ქვეყნებში, მათ უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი, ადეკვატური შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება და მიიღონ სათანადო ზომები დასაქმების ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
კომპანია ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ არსებულ მძიმე შრომის პირობებთან დაკავშირებით 12 ივლისიდან დღემდე ასობით დასაქმებულია გაფიცული. კომპანია გაფიცული პირების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხებიდან არცერთის მოგვარებაზე არ გამოთქვამს მზადყოფნას. იმის ნაცვლად, რომ კომპანია პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა მისი თანამშრომლების მასშტაბურ პროტესტს, რეალურად განეხილა მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები და გამოესწორებინა სამუშაო ადგილზე შექმნილი მძიმე შრომის პირობები, იგი სამუშაო ბაზრიდან ნაწილობრივ გასვლით და თანამშრომლების შემცირებით დაიმუქრა, რაც ასევე არღვევს სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებს“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, თანამშრომლების გაფიცვა 41 დღის წინ დაიწყო. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანიამ სამუშაო პირობების გადახედვაზე უარი თქვა და თანამშრომლებს შემცირებით დაემუქრა. შესაბამისად, პროტესტიც აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიის ოფისის წინ არ წყდება.