ბათუმში, სანაპიროზე, ორსართულიანი რესტორნის აშენება იგეგმება - მერიამ მიწა 15-წლიანი იჯარით გაასხვისა

22.08.24 09:57
ბათუმში, სანაპიროზე, ორსართულიანი რესტორნის აშენება იგეგმება - მერიამ მიწა 15-წლიანი იჯარით გაასხვისა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე, ახალი ორსართულიანი რესტორანი აშენდება - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს, რომელიც წერს, რომ პროექტი 26 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე სივრცესა და პატარა სკვერს მოიცავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროექტის განხორციელებაზე ბათუმის მერიამ ნებართვა უკვე გასცა, რომლის მოქმედების ვადაც 2026 წლის 20 აგვისტომდეა.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მერიამ ტერიტორია 15-წლიანი იჯარით გაასხვისა. ირკვევა, რომ ზღვისპირას მდებარე 1 790 კვადრატული მეტრი ტერიტორიიდან, სასყიდლიანი იჯარით მხოლოდ 670 კვადრატული მეტრია გაცემული.

მოიჯარე კომპანია შპს "555"-ია, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად იჯარის ქირას - 72 550 ლარს გადაიხდის.

ცნობილია, რომ შპს "555" ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა.

მსგავსი სიახლეები