მოტაცებული გოგოს საქმე - პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა

05.08.21 11:07
მოტაცებული გოგოს საქმე - პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ, სოფელ მუხრანიდან 23 წლის ქალის გატაცების საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ქალი  40 წლამდე კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით 3 თანამზრახველთან ერთად მოიტაცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება. ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა", - წერია უწყების განცხადებაში.

ბრალდებულები 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.