"ეს არის მოულოდნელი ინფორმაცია" - რა კრიტერიუმით გაათავისუფლეს მოძალადე პოლიციელი

05.08.21 13:22
"ეს არის მოულოდნელი ინფორმაცია" - რა კრიტერიუმით გაათავისუფლეს  მოძალადე პოლიციელი

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული  მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ უცნობი იყო მოზარდის ოჯახის ადვოკატისთვის. 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ამის შესახებ მან მედიისგან გაიგო. 

ეს არის მოულოდნელი ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე და რა კრიტერიუმებით  მიიღო ეს გადაწყვეტილება საბჭომ ამ სკაითხზე, ამ ინფორმაციას მოვიკითხავთ", - ამბობს ადვოკატი. 

გამომძიებელი  ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მისი ადვოკატის მტკიცებით, პატიმარი უდოს კომისიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  კარგად იქცეოდა. 

ჩოლოიანის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. სირაძის ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ  მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად  2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.