მოვარდნილი უხვი ნალექი და სრულიად პარალიზებული რიკოთი - რა პროგნოზი აქვთ გეოლოგებს
"სკეპტიკურად ვუყურებ პრობლების გამოსწორებას, რა უნდა ქნან, ბეტონში ჩასვან თუ სარკოფაგში მთელი რიკოთი" - ასე ეხმაურება გეოლოგი თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას.
გეოლოგი "პირველებთან" ამბობს, რომ ფერდები არასწორად არის ჩამოჭრილი, რის გამოც პრობლემის სიღრმისეულად მოგვარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ეს არც პირველი იქნება, არც უკანასკნელი. გრავიტაცია თავისას მოითხოვს. ბუნებრივი სტაბილიზაციის პროცესი წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არასწორად არის ფერდები ჩამოჭრილი. ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბის პრობლემებზეა საუბარი. როგორ უნდა გამოასწორო, ბეტონში ჩასვა თუ სარკოფაგში მთელი რიკოთი?!", - ამბობს თეა გოდოლაძე.
სრული კოლაფსი რიკოთზე - უღელტეხილზე მოსულმა წვიმამ ისევ პარალიზება გამოიწვია. ათასობით მგზავრი უსასრულო საცობში მთელი ღამე უძრავად იდგა.
მაგისტრალზე ჩამოსული ლაფისა და წყლის უხვი რაოდენობის გამო, ავტომობილები ვერც წინ ახერხებდნენ გზის გაგრძელებას და უკან სვლაც შეუძლებელი იყო.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ხერგილში 7 საათზე მეტიც კი იდგნენ და ადგილიდან ვერ იძროდნენ.