"პატიმარმა თვითონ როგორ გადაიჭრა ვენა, თავში აქვს დაზიანებები" - ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის N2 პენიტენციურ სამსახურთან

26.08.24 15:17
"პატიმარმა თვითონ როგორ გადაიჭრა ვენა, თავში აქვს დაზიანებები" - ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის N2 პენიტენციურ სამსახურთან

 

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში, N2 პენიტენციურ სამსახურთან. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი პატიმრის ოჯახი ციხის ადმინისტრაციისგან გამარტებებს ითხოვს. ნიკა ბასილაძის ოჯახის წევრებს სურდათ ენახათ კადრები, რომლითაც დარწმუნდებოდნენ, რომ პატიმარმა საკანში თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა უშედეგოდ. 

ოჯახის თქმით, უგონოდ მყოფი პატიმრის ოჯახის წევრებთან პენიტენციური სამსახურის არც ერთი წარმომადგენელი სასაუბროდ არ მიდის.  ეს გარემოება კი ოჯახს უმყარებს ეჭვებს, რომ პატიმარს თავში დაზიანებები სხვა პატიმრებმა მიაყენეს.

"თვითონ გადაიჭრა ვენაო, როგორ გადაიჭრა, თავში აქვს დაზიანებები, თავის ქალა ჩატეხილი აქვს, წინ დაზიანება აქვს, უკან დაზიანება აქვს. გახეულია ცემაში. ექიმები ამბიბენ, ტვინის რაღაცა პროცენტები გადავარჩინეთო. ისე ნაცემი და ნაჩხუბარი არაა, მოსაკლავად არის ნაცემი", - ამბობენ ოჯახის წევრები.

ნიკა ბასილაძე მძიმე დაზიანებით "ვივა-მედის" კლინიკაშია მოთავსებული.

ბასილაძის ნათესავებს აქვთ ეჭვი, რომ პატიმარი საკანში უმოწყალოდ სცემეს. 

პენიტენციური სამსახურშის მტკიცებით კი, პატიმარმა ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე დაზიანებები თავად მიიყენა.