ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მათი “დამოუკიდებლობის“ აღიარების დღეს აღნიშნავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მათი “დამოუკიდებლობის“ აღიარების დღეს აღნიშნავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი, ასევე პირველი და მეორე ე.წ პრეზიდენტების, ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ “რუსეთის ელჩი“ მიხაილ შურგალინი, რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევი.
ღონისძიებები იყო დაგეგმილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც.
ცხინვალში ყვავილებით შეამკეს "რესპუბლიკის დამცველთა" მემორიალური კომპლექსი. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ცხინვალში ჩავიდა რუსეთის დუმის დელეგაცია. დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყაზბეკ ტაისაევი, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე თაიმურაზ ტუსკაევი და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე რუსლანბეკ იკაევი.
16 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".