სასამართლო კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს - საკონსტიტუციოს მოსამართლე
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა იწყება - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მათ შორის კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
„დღეს სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, მსჯელობა გვექნება, იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც მხარეებს ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ. მათ შორის, შეჩერებასთან [დაკავშირებითაც უნდა ვიმსჯელოთ]“, - აღნიშნა მოსამართლემ.
დღეს მოსამართლეთა კოლეგია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ 4 საჩივარზე ერთდროულად იმსჯელებს- ისტორიული სხდომა უკვე იწყება.
მოსარჩელე პირები საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელმაც 2023 წელს პრეზიდენტის იმპიჩემნტს მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.