თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ჩვენ არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში მოვხდებით - კორძაია
მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კორძაიას თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, საქართველო არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში მოხვდება.
„ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, ჯერ თავისი პრაქტიკის განმავლობაში არ განუხილავს. დღეს, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მოვხვდებით თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორც არის რუსეთი, ბელარუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ჩვენ ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით. მე მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ.
ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კორძაიამ.
დღეს მოსამართლეთა კოლეგია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ 4 საჩივარზე ერთდროულად იმსჯელებს- ისტორიული სხდომა უკვე იწყება.
მოსარჩელე პირები საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელმაც 2023 წელს პრეზიდენტის იმპიჩემნტს მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.