პარტიული ღონისძიების გამო დაცლილი სამთავრობო უწყებები - მესამე სექტორი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს
პარტიამ უნდა გაავლოს ზღვარი სახელმწიფოსთან - ასე ეხმაურება მესამე სექტორი "ოცნების" პარტიული ღონისძიების გამო საჯარო რეესტრის დროზე ადრე დაკეტვას.
არასამთავრობოები ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილის თქმით, არ შეიძლება პარტიამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ის რესურსი, რაც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის.
დღესდღეობით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენება არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ გამოიყენება ადამიანური რესურსი, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების შედეგად, ან მათ სთხოვენ რაღაცის შესრულებას და ეს ადამიანები სამუშაო ან არასამუშაო საათებშიც ემსახურებიან აი ამ მიზანს სამწუხაროდ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პარტიამ გაავლოს ზღვარი სახელმწიფოსთან და ამას გვეუბნება ჩვენ ვენეციის კომისიაც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომ ეს ზღვარი არსებობს იქ იმისთვის, რომ სწორედ ეს რესურსი გაიმიჯნოს. არ შეიძლება პარტიამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ის რესურსი, რაც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის", - განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გუშინ ორი საათით ადრე დაკეტეს - წყარო საჯარო რეესტრიდან "პირველებს" ეუბნება, რომ თანამშრომლები სამსახურიდან დროზე ადრე, 15:30 საათისთვის გაუშვეს, რადგან ძალოვნების კვარტალში "ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის დიდი მზადება იყო და თან იქ ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდნენ.