"დამიმტკიცონ, რომ იარაღების სხვენში შენახვა ვაღიარე" - კაიბოვი 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

11.09.24 20:34
"დამიმტკიცონ, რომ იარაღების სხვენში შენახვა ვაღიარე" - კაიბოვი 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

 

მძიმე ბრალდებით დაკავებულ "ძლიერი საქართველოს" რეგიონულ ლიდერს წაყენებული ბრალი შეუცვალეს და 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის გამოაცხადა. ბრალდების მხარე კაიბოვისთვის 4 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კაიბოვს 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღეს კი დაკავებულმა ვუსალ კაიბოვმა პროკურატურა ჩვენების გაყალბებაში ამხილა. კაიბოვი ირწმუნება, რომ აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

მე ასეთი რამ არ მითქვამს, იარაღები პირველად ვნახე. სადაც ჩვენება მივეცი, კამერებიც იყო. დამიმტკიცონ, რომ ვაღიარე იარაღების სხვენში შენახვა", - თქვა კაიბოვმა სასამართლო სხდომაზე. 

ადვოკატი ამბობს, რომ კაიბოვი დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

ბრალს არ აღიარებს ბრალდებული და ის არის უდანაშაულო ამ საქმეში. როგორც თვითონ უთითებს, მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა და სწორედ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს დაკავებას", - ამბობს ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე.

პროკურატურამ ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა. გამოძიება "ძლიერი საქართველოს რეგიონალურ ლიდერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-წლამდე ვადით ითვალისწინებდა. თუმცა მუხლის გადაკვალიფირების შედეგად, გამოძიება ბრალდებულს სანადირო თოფის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. 

ცნობისთვის, იორმუღანლოში  ვუსალ კაიბოვი, გუშინ, 10 სექტემბერს დააკავეს. მას ოფიციალურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბარძოლო მასალის შენახვას ედავებიან. თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ იარაღი მათ სახლში პოლიციამ ჩადო და ეს მტკიცებულებებით დადასტურდება.

დაკავების ფაქტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კაიბოვის დაკავების ბრძანება კახეთის კრიმინალურმა პოლიციამ მას შემდეგ მიიღო და შეასრულა, რაც საგარეჯოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა წინასაარჩევნო შეხვდრები დაიწყო.