სანქციების ეფექტი - "ოცნება" არ პასუხობს კითხვას, გაუუქმდებათ თუ არა სანქცირებულებს ანგარიშები
რა მოხდება, თუკი ბანკები სანქცირებულ პირებს ანგარიშებს არ გააუქმებენ და დადგება თუ არა საბანკო სისტემა საფრთხის წინაშე? - ამ კითხვით "პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებს მიმართა.
დეპუტატების ნაწილი კითხვას გაურბის, ხოლო მეორე ნაწილი კამერასთან ამტკიცებს, რომ სანქციების "არ ეშინიათ" და მათივე მტკიცებით, არც ქართულ საბანკო სისტემას ემუქრება რაიმე საფრთხე.
ამის პარალელურად, ვერცერთი მათგანი ვერ ამბობს, გაუუქმდებათ თუ არა სანქცირებულ პირებს ანგარიშები.
ამასვე ამტკიცებს "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი, თუმცა ვერც ის განმარტავს, რა მოხდება, თუკი ბანკები საერთაშორისო სანქციებს არ დაემორჩილებიან.
ჩვენი საბანკო სისტემა საფრთხის წინაშე არ დადგება. ჩვენი საბანკო სისტემას არაფერი ემუქრება ჩვენი საბანკო სისტემა ძალიან გამართულად და მყარად ფუნქციონრებს. საერთაშორისო სანქციებს ჩვენი ბანკები ასრულებენ ჩვეულებრივად, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".