შეტევა თავისუფალი მედიაზე - მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს უკვე მეორედ აჯარიმებს
შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გრძელდება - მარეგულირებელი კომისია, ერთი და იგივე ქმედების გამო, “ტვ პირველს“ უკვე მეორედ აჯარიმებს და აიძულებს ეთერში გაუშვას “ქართული ოცნების“ იმ შინაარსის რეკლამები, რომელიც სიძულვილს აღვივებს, არის დისკრიმინაციული და ქმნის სხვა საფრთხეებსაც.
პირველი გამოწერილი ჯარიმა “ტვ პირველმა“ უკვე გაასაჩივრა, თუმცა აღსრულებას არავინ დალოდებია და კვლავ დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი. გარდა ამისა, ისევ ითხოვენ “ტვ პირველმა“, “ფორმულამ“ და “მთავარმა“ ეთერებიდან ჩახსნან, სხვა პოლიტიკური სუბიექტების რეკლამებიც.
“ტელეკომპანია პირველის“ გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ “ოცნების“ აგრესიული მანქანა მთელი სიმძლავრით დაიქოქა და კრიტიკულ მედიას, ერთი და იგივე საქმეზე, უკვე მეორედ აჯარიმებენ.
“ოცნების“ აგრესიული მანქანა მთელი სიმძლავრით დაიქოქა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევის მთავარი ობიექტი კრიტიკული მედიაა, ერთი და იგივე საქმეზე უკვე მეორედ გვაჯარიმებენ - ჯერ გვაიძულებდნენ, რომ სიძულვილის ენის შემცველი ვიდეოკლიპი განგვეთავსებინა ეთერში, როდესაც ამაზე უარი განვაცხადეთ, დაგვაჯარიმეს. ჯერ საქმე არის მეორე ინსტანციაში, ისე რომ სამართალწარმოება დასრულებული არ არის, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური განჩინება და არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ხელმეორედ გადაწყვიტა “ოცნებამ“ შეტევა განეხორციელებინა და იგივე საქმეზე კიდევ ჯარიმების დაწესებას ითხოვს, რაც ავტომატურად ჯარიმის გაორმაგებას ნიშანვს, რაც უფრო მეტად დააწვება მედიას. ეს არის პირდაპირი შეტევა წინასაარჩევნოდ კრიტიკულ მედიაზე“,- ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
“ტვ პირველის“ იურისტი, თორნიკე მიგინეშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის “ოცნების“ ინტერესი, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა არ მიიღონ იმ სუბიექტებმა, რომელთაც რეალურად ეკუთვნის.
მარეგულირებელმა ქართული ოცნების 2 საჩივარი განიხილა წინა კვირას და შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, ეს გაიგზავნა სასამართლოში და სასამართლომაც „ტვ პირველი“ ცნო სამართალდარღვევად და 5 ათასი ლარით დაგვაჯარიმა, ასე განიმარტა ნორმა, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, პირდაპირ არ იყოს მითითება ამასთან დაკავშირებით, ხოლო თუ არ აღსრულდება, შესაძლოა ახალი სამართალდარღვევის ოქმის შედგეს, რომელიც იქნება მეორე იგივე საკითხზე და ჯარიმა, შესაძლოა, 5 ათას ლარზე მეტი. ჩემი შეფასებით, ეს არის “ოცნების“ ინტერესი, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა არ მიიღონ იმ სუბიექტებმა, რომელთაც რეალურად ეკუთვნის, რადგან ისინი საჩივარში ითხოვენ ამ რგოლების ამოღებას და მხოლოდ მათი რგოლი, რომელიც ახალისებს ძალადობას, იყოს მთელ პოლიტიკურ დროზე განაწილებული“, - აცხადებს მიგინეიშვილი.
სასამართო პროცესი ხვალისთვის გადაიდო - მოსამართლე 15:00 საათზე გამოაცხადებს კიდევ ერთ გადაწყვეტილებას სამი ტელევიზიის საქმესთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელმა კომისიამ, წინა კვირაში, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, “ოცნების“ 2-2 საჩივარი დააკმაყოფილა. ერთი საჩივარი ეხებოდა "ოცნების" წინასაარჩევნო კლიპის ეთერში არ გაშვებას, რადგან ტელეკომპანიამ ჩათვალა, რომ ვიდეორგოლი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას ეხებოდა.
აღნიშნული ვიდეორგოლი „ტვ პირველმა“ ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ოფიციალური წერილი მიიღო იმ არასამთავრობოებისგან, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ . წერილში განმარტებული იყო, რომ ეს ვიდეორგოლი შეიცავდა სიძულვილის ენას და ძალდობის წახალისებას.