კრიტიკული მედიები დაჯარიმების საფრთხის წინაშე - სასამართლოში 3 ტელევიზიის წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობს

21.09.24 15:41
კრიტიკული მედიები დაჯარიმების საფრთხის წინაშე - სასამართლოში 3 ტელევიზიის წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობს - მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სხდომა რამდენიმე წუთის წინ გახსნა და ახლა სამი ტელევიზიის საქმეს განიხილავს.

კომუნიკაციის კომისიამ მოსამართლის წინაშე ორი შუამდგომლობა უკვე წარადგინა. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი შუამდგომლობა "ქართული ოცნების" საჩივარს გულისხმობს, რომელიც საქმეს თან უნდა დაერთოს.

მეორე შუამდგომლობის მიხედვით, სასამართლომ ტელევიზიას მმართველი პარტიის იმ სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვება უნდა დაავალდებულოს, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს.

სასამართლომ ტელეკომპანია "პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" ერთხელ უკვე დააჯარიმა, თუმცა იურისტები არ გამორიცხავენ, რომ დღეს მოსამართლემ კრიტიკული მედიები კვლავ 5 000 ლარის ოდენობით დააჯარიმოს. 

როგორც იურისტები "პირველებთან" საუბრის დროს ამბობენ, სასამართლოს მიერ დაკისრებული თავდაპირველი ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის მეორეჯერ განხილვა იქამდე დაიწყო, სანამ სააპელაციო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა. 

ტელეკომპანია "პირველის" ადვოკატი აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ მედიებს "ქართული ოცნების" სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო რგოლების ეთერებიდან ჩახსნის გამო უპირისპირდება, რის გამოც თორნიკე მიგინეიშვილს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. 

გადაწყვეტილებაც ვიცით დაახლოებით რაც იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც შევასრულებთ ჩვენ მოვალეობას და დავიცავთ კრიტიკულ მედიას ისე, როგორც საჭიროა. რეალურად, საკითხი ეხება გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომლის აღსრულების ვალდებულებაც ჩვენ არ გვქონდა, ვინაიდან გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და ველოდებით საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებას. თუმცა, მარეგულირებელმა კომისიამ ეს პროცესი ისე განმარტა, რომ ჩვენ დაგვავალდებულა, რომ ვიდრე გავასაჩივრებთ და მიიღებს სააპელაციო გადაწყვეტილებას, მანამდე იქნას აღსრულებული და "ქართული ოცნების" რგოლი ეთერში გაშვებული, ხოლო სხვა პოლიტიკური პარტიების რეკლამები ამოღებული ეთერიდან", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ  მარეგულირებელმა კომისიამ, წინა კვირაში, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, “ოცნების“ 2-2 საჩივარი დააკმაყოფილა. ერთი საჩივარი ეხებოდა  "ოცნების" წინასაარჩევნო კლიპის ეთერში არ გაშვებას, რადგან ტელეკომპანიამ ჩათვალა, რომ ვიდეორგოლი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას ეხებოდა. 

აღნიშნული ვიდეორგოლი „ტვ პირველმა“ ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ოფიციალური წერილი მიიღო იმ არასამთავრობოებისგან, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ . წერილში განმარტებული იყო, რომ ეს ვიდეორგოლი შეიცავდა სიძულვილის ენას და ძალდობის წახალისებას.