სასამართლომ "ტვ პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" 5 ათასი ლარით დააჯარიმა

21.09.24 17:44
სასამართლომ "ტვ პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" 5 ათასი ლარით დააჯარიმა

კრიტიკული მედიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტელეკომპანია "პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" 5 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობდა - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა სხდომაზე  სამი ტელევიზიის საქმეს განიხილავდა.

კომუნიკაციის კომისიამ მოსამართლის წინაშე ორი შუამდგომლობა წარადგინა. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი შუამდგომლობა "ქართული ოცნების" საჩივარს გულისხმობს, რომელიც საქმეს თან უნდა დაერთოს.

მეორე შუამდგომლობის მიხედვით, სასამართლომ ტელევიზიას მმართველი პარტიის იმ სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვება უნდა დაავალდებულოს, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს.

სასამართლომ ტელეკომპანია "პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" 5 ათასი ლარით ერთხელ უკვე დააჯარიმა. პირველი დაჯარიმების შემთხვევაში მიზეზი კვლავ იგივე იყო. მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ მედიებს "ქართული ოცნების" სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო რგოლების ეთერებიდან ჩახსნის გამო დაუპირისპირდა.