კოლოსალური ჯარიმები კრიტიკულ მედიას - რა საკითხებზე ისაუბრებს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციასთან ზაალ უდუმაშვილი

23.09.24 17:36
კოლოსალური ჯარიმები კრიტიკულ მედიას  - რა საკითხებზე ისაუბრებს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციასთან ზაალ უდუმაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია მედიამენეჯერებს ხვდება -  ცნობილია, მთავარი საკითხები, რაზედაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ყურადღებას  გაამახვილებენ.

“ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, დელეგაციის წევრებს კრიტიკულ მედიაზე მასირებული შეტევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ჩვენი ძირითადი ინფორმაცია იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია, არჩევნების წინ, ქართული კრიტიკული მედია, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის გახსნითანავე პრაქტიკულად დაიწყო მასირებული შეტევა მედიაზე. წინა ფლანგზე გამოიყვანეს მარეგულირებელი კომისია, რომელიც გვაჯარიმებს ყველა კრიტიულ არხს, ვინც უარს ამბობს, ისეთი რეკლამის განთავსებაზე  ეთერში, რომელიც შეიცავს  სიძულვილის ენას და აღვივებს ძალიან მძიმე პროცესებს ქვეყანაში.

ამიტომ ჩვენ მივაწვდით ყველა ინფორმაციას, დელეგაციის წევრებს, თუ რა ვითარებაა მედიის კუთხით დღეს საქართველოში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მანამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია NGO სექტორს შეხვდა. რუსული კანონი, ადმინისტრაციული რესურსის უკონტროლოდ გამოყენება, ოპოზიციის გაუქმების გეგმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულების დაშინება - ეს ის თემები იყო, რაზედაც არასამთავრობო სექტორმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.