თუ გამოძიება შინაარსით დაინტერესდება, მასალებს მივაწვდით - ნოდარ მელაძე

18.03.21 14:39
თუ გამოძიება შინაარსით დაინტერესდება, მასალებს მივაწვდით - ნოდარ მელაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში  ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ნოდარ მელაძემ განაცხადა, მას უფლება ჰქონდა, აღარ მისულიყო ხელმეორებით გამოკითხვაზე, მაგრამ ეს ერთი მიზნით გააკეთა, გაეგო პროკურატურის რეალური განზრახვა.

 პროკურატურას ერთი მიზანი ჰქონდა, დაედგინა წყარო. კანონის თანახმად, შემეძლო, არ მოვსულიყავი ჩვენების მისაცემად, მაგრამ მოვედი და დავადგინე, რომ პროკურატურის განზრახვა იყო ერთადერთი, საკმაოდ მძიმე გამოკითხვა იყო. მათ აინტერესებდათ წყაროს დადგენა, კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, ვინ, სად, როგორი ფორმით მომაწოდა ინფორმაცია - აცხადებს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პროკურატურა საქმის შინაარსობრივი ნაწილით არ ინტერესდება და საქმეც მხოლოდ ერთი მუხლით აქვს აღძრული, რაც კანონის დარღვევაა.

გამოძიების დაწყების საფუძველი არის შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ან საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, დანარჩენი საკითხები, სისწორე, ავთენტურობა, უნდა დადგინდეს გამოძიების ეტაპზე და არა წინასაგამოძიებო მოქმედებებით, როგორც წარმოჩენას ცდილობენ. პროკურატურას არ ჰქონდა უფლება, საქმე ერთი მუხლით აღეძრა, მინიმუმ ორი მუხლი უნდა ყოფილიყო. ფაქტზე უნდა დაძრულიყო საქმე შინაარსთან დაკავშირებით, რაც არ მოხდა. მინიმუმ, 150 მუხლთან ერთად სხვა მუხლიც უნდა ყოფილიყო - აცხადებს ადვოკატი.

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ გამოძიების შემდგომ ეტაპზე სხვა პირების დაკითხვაც მოხდეს, საუბარია ბერა ივანიშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეზე.

ყველას დავკითხავთ, ვინ თქვა, რომ არ დავკითხავთ, ვინც საქმეს ეხება? რა იცით, საქმეში რა ხდება, როცა იქნება საჭიროება, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ, ამას გავაკეთებთ. გამომძიებელი და პროკურატურა თვითონ წყვეტს, რა კვალიფიკაციით დაიწყოს გამოძიება და პასუხისმგებელიც არის სრულ და ობიექტურ გამოძიებაძე. - აცხადებს პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე.

სკანდალური აუდიოჩანაწერი ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავიდა, მას შემდეგ პროკურატურა საქმე კერძო საუბრის უკანონო მოპოვებისა და გავრჩელების მუხლით აღძრა. ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ თუ პროკურატურა მასალების შინაარსით დაინტერესდებია, გამოძიებას მასალებს მიაწვდის.