საეჭვო ხარჯები ჭიდაობის ფედერაციაში - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

16.08.21 18:52
საეჭვო ხარჯები ჭიდაობის ფედერაციაში - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ფედერაცია მომსახურებასა და სხვადასხვა საქონელს პირდაპირი შესყიდვით ყიდულობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჭიდაობის  ფედერაციამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7,958,212 ლარიდან 3,096,497 ლარი გადაიხადა კვლევის გარეშე ბორჯომის სპორტულ კომპლექს „ოლიმპის“   მომსახურებაში. ორი წლის განმავლობაში ზედმეტად გადახდილმა სასტუმრო მომსახურების თანხამ 33,235 ლარი შეადგინა.

ბაზრის კვლევის გარეშეა შეძენილი ავიაბილეთებიც. 10 სხვადასხვა კომპანიისგან შესყიდული 2,703,621 ლარის ღირებულების ავიაბილეთებიდან 1,232,267 ლარის ბილეთები შესყიდულია დაფუძნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „თაგ ჯორჯიასგან“.

არამიზნობრივი ხარჯების რისკები გამოიკვეთა სპორტსმენების მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე დახარჯულ თანხებში. მედიკამენტებისა და დანამატების მოცულობა სპეციალისტის დასკვნის გარეშეა დამტკიცებული. ხშირად, მედიკამენტების ხარჯთაღრიცხვაში რეალურად გაცემული რაოდენობის მაგივრად ის რაოდენობაა მითითებული, რაც ფედერაციამ შეისყიდა. მედიკამენტების უშუალოდ სპორტსმენებზე გაცემის ფაქტების დოკუმენტირება არ ხდება, ამიტომ შეუძლებელია დადგენა, შესყიდულიდან რამდენი მედიკამენტი დაიხარჯა სინამდვილეში.

აუდიტი საეჭვოდ მიიჩნევს ფედერაციის ბიუჯეტიდან პრემიებისა და ფულადი ჯილდოებისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებას, რადგან რიგ შემთხვევებში, როდესაც პრემიები გაცემულია ფედერაციაში რამდენიმე თვის სამუშაო სტაჟის მქონე პიროვნებებზე.

ორი წლის განმავლობაში ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს არ ჩაუტარებია საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება და არ მოუმზადებია ფინანსური ანგარიშები.