მიზნობრიობა დაუდგენელია, რისთვის გაიცა 585 მილიონის სახელმწიფო გრანტი?

16.08.21 19:17
მიზნობრიობა დაუდგენელია, რისთვის გაიცა 585 მილიონის სახელმწიფო გრანტი?

ორგანიზაციები საგრანტო თანხებს ან არამიზნობრივად ხარჯავდნენ, ან სათანადოდ არ აკონტროლებდნენ ბენეფიციარი კომპანიების ხარჯებს- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევაშია საუბარი, რომელმაც 2017−2019 წლებში გაცემული სახელმწიფო გრანტების მიზნობრიობა შეიწავლა.

მაკონტროლებელმა ორგანომ  სახელმწიფო გრანტის მიმღები რვა ორგანიზაცია შეამოწმა და დაადგინა, რომ გრანტები საბაზრო ფასებისა და საჭიროებების შეუფასებლად დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტებმა მიიღეს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, არ არის დასაბუთებული,  როგორ შეუწყო ხელი ორ წელიწადში გაცემულმა გრანტებმა ქვეყნის განვითარებას და იმ მიზნების მიღწევას, რაც მთავრობამ 2019-20 წლებში დაამტკიცა.

აუდიტის ინფორმაციით, გრანტი მიიღო სოფლის განვითარების სააგენტომ, რომელმაც ჩაის წარმოების და გადამუშავების პროექტი ისე დაიწყო, რომ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. საბოლოოდ, პროექტის 35 ბენეფიციარიდან 19-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა, 2020 წლიდან კი სააგენტომ საერთოდ მოუხსნა ბენეფიციარებს ვალდებულებები, თუმცა აუდიტმა ამის მტკიცებულება ვერ მოძებნა.

ინოვაციების სააგენტომ, რომელმაც 2017-2019 წლებში გრანტების სახით 6,552,000 ლარი მიიღო, 335,040 ლარით მეტი დახარჯა ხელფასებში. ინოვაციების სააგენტომ ცალკეულ შემთხვევებში შესყიდვა გაუფორმა კომპანიებს, რომლებიც საკონკურსო ვაჭრობაში არ მონაწილეობდნენ.

აუდიტის ინფორმაციით, გრანტები სამინისტროებზე ასე გადანაწილდა: სოფლის მეურნეობა − 366,345,000 ლარი;
განათლება − 122,378,000 ლარი; „აწარმოე საქართველოში“ − 90,352,000 ლარი; ინოვაციები და სტარტაპები − 6,552,000 ლარი.