TI: მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანტიკორიფციულ ბიუროს მოუწოდებს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციას იმ გადაწყვეტილების აქტი ჩააბაროს, რომლითაც TI-ის "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" სტატუსი მოეხსნა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ TI-იმ ოფიციალურად გაგზავნა მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ, თუმცა ამ დრომდე ანტიკორუფციული ბიუროდან პასუხი არ მიუღიათ.
დღეს სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან გააუქმა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და ეკა გიგაურის მიმართ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე აიტვირთა და იმავე დღეს ჩაგვბარდა, დღევანდელი გადაწყვეტილება არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა და არც მხარეებს არ ჩაბარებია.
მიუხედავად იმისა, რომ ბიურომ თავად უნდა მოგვაწოდოს აქტი წინა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალურად გავაგზავნეთ მოთხოვნა მოცემული გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ. ბიუროს კანცელარიაში ეს წერილი ჯერ კიდევ 14:00 საათისთვის იყო დარეგისტრირებული.
ბიუროს წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ მათ უარი თქვეს გაუქმების აქტის დაუყოვნებლივ გადმოცემაზე და არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის აპირებენ სტატუსის გაჩერებასათან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებას ან/და ჩვენთვის გადმოცემას. მოვუწოდებთ ანტოკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.