თუ ბექა ჯაიანის შეურაცხადობა დადგინდა, მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნება - ადვოკატი
კესარიას მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატები ბექა ჯაიანის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ - უფლებადამცველის თქმით, თუ ბექა ჯაიანის შეურაცხადობა დადგინდა, მას ბრალად "შერაცხული დანაშაული აღარ შეერაცხადება".
ადვოკატი ამბობს, რომ ამის შემდეგ კესარიას მკვლელობაში ბრალდებულს ციხის ნაცვლად, სასჯელის მოხდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოუწევს.
ექსპერტიზის დროს, შესაძლებელია ესეც დადგინდეს, აფექტურ მდგომარეობაში იყო, ძლიერი სულიერი აღლევების მდომარეობაში იყო თუ შერაცხადობა. შეურაცხადობის დადგენა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დანაშაულის შემადგენლობა ზოგადად არსებობდეს. თუ შეურაცხადობა დადგინდა, ბუნებრივია მას ბრალად შერაცხული დანაშაული აღარ შეერაცხადება, ანუ მასში დამნაშავედ ვეღარ ცნობს სასამართლო და დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. შესაძლებელია დადგეს შეზღუდული შერაცხადობა, რაც არის ბრალის შემამსუბუქებელი გარემოება", - ამბობს ადვოკატი.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. 26 წლის ბექა ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს არის ჩანიშნული და როგორც დღეს "პირველებთან" ბექა ჯაიანის უფლებადამცველმა დააანონსა, ბრალდებული სწორედ შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაარღვევს დუმილს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.