არ ვაპირებთ, საკუთარი ნებით ეთერში გავუშვათ რგოლი, რომელიც ყოველმხრივ ამორალურია - "ტვ პირველის" იურისტი

05.10.24 15:34
არ ვაპირებთ, საკუთარი ნებით ეთერში გავუშვათ რგოლი, რომელიც ყოველმხრივ ამორალურია - "ტვ პირველის" იურისტი

"ტვ პირველის" იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალს და კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ხელისუფლების მხრიდან დაკისრებულ ჯარიმებს პასუხობს. 

როგორც თორნიკე მიგინეიშვილი "პირველებთან" აცხადებს, მიუხედავად სასამართლოს მიერ "ტვ პირველის" დაჯარიმებისა, არხი არ აპირებს, საკუთარი ნებით ეთერში იმ სარეკლამო რგოლი გაშვებას, რომელიც იურისტის განმარტებით, ყოველმხრივ ამორალურია

"რგოლი ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ასევე სხვა ზნეობრივ ღირებულებებს" - აღნიშნავს თორნიკე მიგინეიშვილი და მესამე სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმდინარე პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს. 

ჩვენ არ ვაპირებთ, საკუთარი ნებით ეთერში გავუშვათ ის რგოლი, რომელიც არის ყოველმხრივ ამორალური და ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ასევე სხვა ზნეობრივ ღირებულებებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ რგოლის განთავსებით კიდევ უფრო მეტად გაფუჭდეს ურთიერთობა უკრაინასა და ქართველ ხალხს შორის. ჩვენ მოვუწოდეთ მესამე სექტორსა და დიპლომატიურ სექტორს იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და მათაც გააკეთონ განცხადებები. ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება შემაფერხებელი იმის, რომ არ დაგვეკისროს ამ რგოლის არ განთავსება, თუმცა ამ გზით, როგორც მაუწყებელი, ასევე მესამე სექტორი და დიპლომატიური კორპუსი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ეს არის ხელისუფლების პოზიცია, რომ განთავსდეს რგოლი და არა ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ და შევურაცხყოთ უკრაინელ ხალხს", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

"ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - "ტვ-პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.

"არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას" - წერია ერთობლივ განცხადებაში.