ცეცხლაძე: "არჩევნებზე "ხარებასთვის" მშვიდობის დაცვის "დავალება" შეიძლება მესიჯიც იყოს, რომ ირონიულად უდგებიან ამერიკის სანქციებს"

05.10.24 15:45
ცეცხლაძე: "არჩევნებზე "ხარებასთვის" მშვიდობის დაცვის "დავალება" შეიძლება მესიჯიც იყოს, რომ ირონიულად უდგებიან ამერიკის სანქციებს"

სამოქალაქო აქტივისტი, "დაფიონის" ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნის, ზვიად ხარაზიშვილისთვის არჩევნებზე მშვიდობის დაცვის "დავალება" შეიძლება, საერთაშორისო მესიჯიც იყოს, რომ  ირონიულად უდგებიან ამერიკის სანქციებს".

ვფიქრობ, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური თამაშის მომენტია, როდესაც ის პიროვნება, რომელიც მკვეთრად არადემოკრატიული და ძალადობრივი ნიშნებით გამოირჩევა, მას "ავალებენ" მშვიდობის დაცვას არჩევნებზე, რაც ფაქტობრივად, ერთის მხრივ ირონიულია, მეორეს მხრივ ითავსებს იმას, რომ ამერიკის მიერ დასანქცირებული პერსონა თვალსაჩინოდ, დემონსტრაციულად გამოჰყავთ არჩევნების დამცველად, რაც შეიძლება საერთაშორისო მესიჯიც იყოს, რომ თითქოს ირონიულად უდგებიან ამერიკსი სანქციებს", - ამბობს ცეცხლაძე. 

სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.

ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.

სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.

ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.