მკვლელობაში ბრალდებულ ზვიდაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებიან

18.08.21 16:54
მკვლელობაში ბრალდებულ ზვიდაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებიან

ოლიმპიური ჩემპიონები, ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგებიან. "ტვ პირველს" აღნიშნული ინფორმაცია დაკავებული სპორტსმენის ადვოკატმა მიაწოდა. 

მოვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ, გირაოთი იყოს დატოვებული და ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც თავდებში დაუდგებიან, წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან",- თქვა ადვოკატმა.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ სპორტსმენებს გულისხმობს, ადვოკატი ამბობს: 

არა მარტო ლაშა ბექაურს, ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება. მზაობას გამოთქვამს",- თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს თავდებში პოლიტიკოსებიც ჩაუდგებიან, თუმცა კონკრეტულად ვინ აპირებს თავდებში ჩადგომას, უფლებადამცველისთვის უცნობია. 

ძიუდოისტი ლაშა ბექაური განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის ნათლულია.

ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა.

ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ. 

გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარ სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.