სავალუტო რეზერვები საფრთხეშია - ეკონომისტები რისკებზე საუბრობენ

17.10.24 12:42
სავალუტო რეზერვები საფრთხეშია - ეკონომისტები რისკებზე საუბრობენ

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სავალუტო რეზერვებიდან დამატებით 65 მილიონი დოლარია გაყიდეს, თუმცა ეკონომისტებს აქვთ ეჭვი, რომ ნათია თურნავას უწყებას შესაძლოა, ფარულად, დახურულ პლატფორმაზე ბევრად უფრო მეტი უცხოური ვალუტა ჰქონდეს გაყიდული.

ამასთან, ეკონომისტებს აქვთ კიდევ ვერსია, რომ კრიზისის და რისკების ფონზე, ინვესტორები შესაძლოა, თანხების მობილიზებას, მიღებული მოგების დოლარში გადახურდავებას, ან სოლიდარული თანხის საზღვარგარეთ გატანას ცდილობდნენ, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული ბანკი "ქართული ოცნების" მაშველი რგოლია, რომელმაც ლარის გამყარების მიზნით, ფარულად კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარი გაყიდა. 

ბაზარზე რაღაც პანიკაა, მოლოდინება გაუარესებულია და შესაბამისად, ბიზნესი ან აკუმულირებას ახდენს დოლარის რესურსის, ან სავალუტო რესურსის. ან ინვესტორებს შეიძლება, გადახურდავება უნდათ და გატანა. არავინ იცის, კონკრეტულად რა არის. ეს ეროვნულმა ბანკმა ზუსტად იცის და ეჭვი მაქვს, უკვე მთავრობამაც. ეროვნული ბანკი პოლიტიკურად ერევა და ამის აუცილებლობა არ არის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოკლევადიანი მერყეობაა, ასე ჩარევის აუცილებლობა არ არის. თურნავა როცა დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად, მოგეხსენებათ, კანონი შეცვალეს მისთვის სპეციალურად ქოცებმა, შესაბამისად, სახეზე გვაქვს ის, რისთვისაც არის ეს ადამიანი დანიშნული. ლოგიკური იყო Global Finance-ის შეფასება, რომელმაც დაბალი შეფასება მისცა თურნავას მოღვაწეობას. ყველაზე კარგზე და ცუდზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ქვეყნის ხელისუფლება. ის აგებს პასუხს, როგორც წესი, არჩევნების გზით და გამოჩნდება ეს", - ამბობს გიორგი კეპულაძე.

ცნობისთვის, 2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

 ამასთან, დღეს, 17 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.