Concentrix-ის ოფისი, სადაც ფინანსური პოლიცია შევიდა, "აწარმოე საქართველოში-ს" ხელშეწყობით გაიხსნა

24.10.24 13:28
Concentrix-ის ოფისი, სადაც ფინანსური პოლიცია შევიდა, "აწარმოე საქართველოში-ს" ხელშეწყობით გაიხსნა

სპეცოპერაცია ვაკეში - ამ წუთებში ჭავჭავაძის 72 ნომერში მდებარე ვაკე პლაზის შენობის სამ სართულზე ჩხრეკა გრძელდება.

საბროკერო კომპანია Concentrix-ი, სადაც ფინანსური პოლიცია დაახლოებით დილის 9 საათიდან  საგამოძიებო მოქმედებებს  ატარებს, ნიდერლანდებში არის დარეგისტრირებული და სამი დირექტორი - ავსტრიის, ამერიკის და თურქეთის მოქალაქეები ჰყავს. 

როგორც კომპანიის იურისტი აცხადებს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, Concentrix-ის საქართველოში შემოსვლას ხელი "აწარმოე საქართველომ" შეუწყო, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოა. 

წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა შემოსულიყვნენ ჩვენთან. ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული თავისი მიმართულებით. მე რამდენადაც ვიცი, ამ კომპანიის საქართველოში შემოყვანაში "აწარმოე საქართველოსაც" მიუძღვის წილი. ახლა ვერ ვხვდები, რაშია საქმე. მოვედი, რომ გავარკვიო. მე იურისტი ვარ სამოქალაქო მიმართულებით", - ამბობს იურისტი.

ჟურნალისტებთან Concentrix-ის თანამშრომლებიც საუბრობენ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კომპანია მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს და მსხვილ ბიზნეს სუბიექტებს ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარებიან. 

ჩვენ ვართ "ენთერფრაის ჯორჯიას" მიერ შემოყვანილი კომპანია ამერიკული, ბიზნეს პროცესების "აუსოს" კომპანია. დასაქმებული გვყავს 500 თანამშრომელი საქართველოში. ეს სიტუაცია, ეს გაუგებრობა ძალიან დააზარალებს საქართველოს გლობალური მასშტაბით, რადგან Concentrix-ი არის უდიდესი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით. ვთანამშრომლობთ ძალიან ცნობილ ბრენდებთან. 

შეიძლება ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი საერთოდ გავიდეს ჩვენგან და დარჩება უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე. ჩვენი თანამშრომლები ემსახურებიან სხვადასხვა მსხვილ ბრენდებს მსოფლიოს მასშტაბით და უწევენ მომსახურებას. ჩვეულებრივი ოპერატორები არიან.

დილის 9 საათიდან არიან შესულები. პროცესი გაჩერებულია. ყველაზე სართულზე მიმდინარეობს თუ არა ჩხრეკა არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან არის", - ამბობს თანამშრომელი.

ცნობისთვის, დღეს, 24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ვაკეში მდებარე საბროკერო კომპანია Concentrix-ის ოფისში შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს