საქალაქო სასამართლოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - მოსამართლემ მოსარჩლის 9 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
კამათი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავასა და მოსამართლე ივერი აბაშიძეს შორის დაიწყო, როდესაც მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს მოუწოდა, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი გადაწყვეტილება მიეღო.
ამის შემდეგ კი, მოსამართლემ მხარეებს მიმართა და უთხრა, რომ სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეეკავებინათ.
"ქალბატონო თინათინ, ნუ გვიშლით ხელს" - ეუბნება მოსამართლე თინა ბოკუჩავას.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსამართლე ივერი აბაშიძემ დაყენებული 9 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა და ახლა მეათე შუამდგლომობის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, რომლითაც მოსარჩელე მხარე მოსამართლის წინაშე ექსპერტების გამოკითხვას ითხოვს.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყო. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის სარჩელს განხილავს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
- იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.