ცესკო თეონა ჯაფარიძის გათავისუფლებას არ აპირებს
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება.
გიორგი კალანდარიშვილის უწყება წერს, რომ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა და "სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე პირდაპირ ზეწოლას წარმოადგენს".
როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე პირდაპირ ზეწოლას წარმოადგენს.
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საკითხს და შეისწავლის სათანადო რეაგირება ექნება.
საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის პოსტიდან გადაყენებას ითხოვს. ქეთი თურაზაშვილი აცხადებს, რომ თეონა ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, თუმცა მას უფლებამოსილებაც კი არ შეჩერებია.
საქმე ამ ოლქში ქეთევან თურაზაშვილის მამის, ალექსანდრე თურაზაშვილი გარდაცვალებას ეხება. პოლიტიკოსის თქმით, 23 ოქტომბერს თეონა ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს, რომელიც ამავე კომისიის წევრი იყო, სატელეფონო საუბარში შეურაცხყოფა მიაყენა, საუბრის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში თურაზაშვილი გარდაიცვალა.