ყველა შუამდგომლობაზე უარი - ივერი აბაშიძემ ოპოზიციის და მესამე სექტორის 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა

13.11.24 17:11
ყველა შუამდგომლობაზე უარი - ივერი აბაშიძემ ოპოზიციის და მესამე სექტორის 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა

ყველა შუამდგომლობაზე უარი - მოსამართლე ივერი აბაშიძემ ოპოზიციის და მესამე სექტორის 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც მოსარჩლეები საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას და ხმის ფარულობის დარღვევის დადგენას ითხოვენ, დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ბოლო კამათი სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, როდესაც მოსარჩელე პოლიტიკოსებმა საქმის წარმოების შეწყვეტა იქამდე მოითხოვეს, ვიდრე პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიებას არ დაასრულებს.

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ თუ პროკურატურა დაადგენს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობას გამოკვეთს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აზრი დაეკარგებოდა. 

ამასთან, ოპოზიციამ მოსამართლეს არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე არგუმენტებიც გააცნო. კერძოდ, "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი სხდომაზე ამბობდა, რომ ვერიფიკაციის აპარატებში შესაძლოა დუბლირებული სიები ყოფილიყო ჩატვირთული, ამიტომ მისივე განმარტებით, უმჯობესი იქნებოდა, თუ მოსამართლე ვერიფიკაციის აპარატს სხდომაზე მტკიცებულების სახით მოიტანდა და სიების ჩატვირთვის პროცედურულ მხარეს მოიკვლევდა. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყო. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის სარჩელს განხილავს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.

  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
  • იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.