არჩევნების გაყალბების საქმე - სასამართლოში მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს

13.11.24 20:18
არჩევნების გაყალბების საქმე - სასამართლოში მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის და მესამე სექტორის გაერთიანებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ამ წუთებში მოსარჩელე მხარეები მოსამართლეს ვიდეომტკიცებულებებს აცნობენ. ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ივერი აბაშიძეს უკვე აჩვენა ვიდეო, სადაც საის წარმომადგენლის განმარტებითვე, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევაა ასახული.

ამასთან, ქართული ოპოზიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს იმ კადრებსაც აჩვენებს, სადაც ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატში ბიულეტენის შეცურებამდე ბიულეტენზევე გაფერადებული საარჩევნო სუბიექტის ხილვადობა ჩანს. 

ცნობისთვის, დღეს, 13 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყო. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის გაერთიანებულ სარჩელს განხილავს.

  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
  • იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ივერი აბაშიძემ ოპოზიციის და მესამე სექტორის 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც მოსარჩლეები საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას და ხმის ფარულობის დარღვევის დადგენას ითხოვენ, დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ბოლო კამათი სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, როდესაც მოსარჩელე პოლიტიკოსებმა საქმის წარმოების შეწყვეტა იქამდე მოითხოვეს, ვიდრე პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიებას არ დაასრულებს.